მუხრან მაჭავარიანი – „ყაყაჩოსავით მზეა წითელი“ (1832)
საკვანძო სიტყვები:
მუხრან მაჭავაერიანი, ქართული კულტურა, რუსულიანოტაცია
1832... მმართველობის სისტემა – რუსული, ქართული კულტურა და მეურნეობა – განადგურებული, ეროვნული სულისკვეთება – ჩამკვდარი... მუხრან მაჭავარიანის მდიდარ და ნაირგვარობით ამოუწურავ შემოქმედებაში ყურადღებას იქცევს ლექსების ციკლი „1832“, რომელიც ფაქტობრივად პოემა-პიესას წარმოადგენს – არაორდინარულად გაწყობილსა და გააზრებულს. პირობითად მას შეიძლება ასე ეწოდოს: „ყაყაჩოსავით მზეა წითელი“ – ფრაზა ერთი ლექსიდან, რომელიც ამ ციკლის შემადგენელი ნაწილია. მუხრანის თვალით აღბეჭდილი 1832 წლის მზე საქართველოსი სიმბოლოა გმირ წინაპართა ყაყაჩოსფრად დაღვრილი სისხლისა – ამიტომ გასდევს ის („ყაყაჩოსფერი მზე“) ლაიტმოტივად მთავარ სათქმელს – 1832 წლის ტრაგედიას. მე-20 საუკუნის სატკივარს მუხრან მაჭავარიანი პერსონაჟებად ხორცშესხმულ 1832 წლის შეთქმულთა ნააზრევში ამჟღავნებს. მოქმედი პირნი მონოლოგებით გამოხატავენ თავიანთ ნაფიქრალს – ეძებენ როგორც სამშობლოს ხსნის გზას, ისე მარცხის მიზეზებს ერისას, ხოლო მოქმედების დრო, ადგილი, ვითარება, სადეკორაციო ფონი და – ზოგადად – ანტურაჟი გააზრებულია ძალზე ორიგინალურად, კერძოდ, პოეტური რემარკების სახით სათაურებსა და ფრჩხილებში ჩასმულ ფრაზებში. საპიესო ტექსტი მოიცავს ექვს „სიტყვას“, სამ „ფიქრსა“ და ერთ „აღსარებას“, რასაც მთლიან დეკორაციულ სურათად აერთიანებს „ყაყაჩოსავით“ „წითელი მზე“, ხოლო ერთგვარ ბოლოთქმად წარმოგვიდგება „ადამიანზე გულგატეხილი“ პოეტის გულიდან ამოძახილი: „ვებღაუჭები ტატოს მერანსღა“. მოქმედ პირთა სათქმელი სათაურების მიხედვით ასეა განაწილებული: „სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძის მიერ, ძმათა თვისთა თანა, შუამთაში“. ამ პერსონაჟს მეორე ეპიზოდიც აქვს პიესაში: „სიტყვა თქმული ისევ ფილადელფოს კიკნაძის მიერ, ისევ ძმათა თვისთა თანა, ისევ შუამთაში“, რასაც მოჰყვება„სიტყვა წარმოთქმული ჩაიზე, მამუკა ჯამბაკურორბელიანის ოჯახში სოლომონ რაზმაძის მიერ“; ან კიდევ: „სიტყვა თქმული ბიძინა ამილახორის მიერ მაშავრის პირას – ჭერმიჭალაში“; „სიტყვა თქმული ვახტანგ ორბელიანის მიერ ორთაჭალაში, ტივზე“; „სიტყვა ალექსანდრე (ბატონიშვილისა), მეთხრა რომელიც მაშინ – თეთრი ღამის ადგილს, – დღე რომ იჭერდა შავი“. რაც შეეხება „ფიქრებად“ გააზრებულ საპიესო მონოლოგებს, ისინი შემდეგნაირად წარმოუდგება მკითხველს: „ფიქრი ელიზბარ ერისთავისა, – გზად შინდისიდან შინ რომ ბრუნდებოდა, ეტლით“; „ფიქრი იასესი, – ამილახვრიანთ აივანზე, – ბადრი მთვარის ჭვრეტის ჟამს“; „ფიქრი ქოსა მუსტაფასი იბრეიმ ყარა მაჰმად ოღლის ძმის ქორწილში“ (სათაურშივე გააზრებული ლაღი იუმორის თანხლებით); დაბოლოს, „აღსარება თქმული ს. დოდაშვილის მიერ თბილისის სიონში, აღდგომის წინა დღეს“. დასახელებულ ციკლს („1832“) ემატება ამავე თემაზე დაწერილი კიდევ რამდენიმე ლექსი, რომლებიც ავსებენ 1832 წლის სათქმელს – მუხრან მაჭავარიანის თვალით დანახულსა და პოეზიად განხორციელებულს.



